ძირითადი ნავიგაცია

დროითი აგენტები: რატომ სჭირდება თქვენს ცოდნას ქრონოლოგია

დროის კონტექსტი AI აგენტებს ეხმარება, რთულ კითხვებს სანდო და განახლებული ცოდნით უპასუხონ.

დიაგრამა დროითი აგენტების შესახებ: რატომ სჭირდება თქვენს ცოდნას ქრონოლოგია.

როგორ მუშაობენ დროითი აგენტები სინამდვილეში — ჟარგონის გარეშე

დროითი აგენტის სამუშაო პროცესს მარტივი ლოგიკა უდევს საფუძვლად.

  1. დაყავით შემავალი მასალა ნაწილებად

დაიწყეთ დოკუმენტით, მაგალითად, დირექტორთა საბჭოს სხდომის ჩანაწერით ან წლიური ანგარიშით. დაყავით ის მოსახერხებელ ნაწილებად, მაგალითად, ცალკეული გამომსვლელების მონაკვეთებად ან აბზაცებად.

  1. ამოიღეთ დებულებები

თითოეული ნაწილიდან ამოიღეთ მკაფიო, დამოუკიდებელი დებულებები, მაგალითად: „კომპანია X ბაზრის ლიდერია“.

  1. მიუთითეთ ტიპი

  • ფაქტი (ობიექტური ჭეშმარიტება)

  • მოსაზრება (სუბიექტური)

  • პროგნოზი (წინასწარი ვარაუდი ან შეფასება)

  • სტატიკური (ჭეშმარიტია დროის კონკრეტულ მომენტში)

  • დინამიკური (შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს)

  • დროისგან დამოუკიდებელი (მარადიული ფაქტი)

  1. განსაზღვრეთ დრო

აგენტი ადგენს, როდის გახდა დებულება ჭეშმარიტი და, საჭიროების შემთხვევაში, როდის შეწყვიტა მან ჭეშმარიტად ყოფნა, ანუ როდის გაუქმდა მისი ვალიდურობა. ეს ეხება დებულებაში მოცემული ინფორმაციის ვალიდურობის პერიოდს, რომელიც შეიძლება მისი გამოთქმის ან გამოქვეყნების დროს არ ემთხვეოდეს.

  1. შეამოწმეთ წინააღმდეგობები (ვალიდურობის გაუქმება)

თუ ახალი დებულება ძველს ეწინააღმდეგება, ძველ ჩანაწერს ვადაგასული მოენიშნება და ახალს დაუკავშირდება, ნაცვლად იმისა, რომ ვალიდურობადაკარგული ინფორმაცია ცოდნის ბაზიდან მთლიანად წაიშალოს.

ეს პროცესი ავტომატიზებულიცაა და მიკვლევადიც, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ, რა შეიცვალა და რატომ.

დიაგრამა, რომელიც განმარტავს, როგორ მუშაობენ დროითი აგენტები სინამდვილეში — ჟარგონის გარეშე.

როგორ შექმნათ საკუთარი დროითი აგენტი?

კარგი ამბავი? მთელი სისტემის თავიდან დაპროექტება არ გჭირდებათ. დროითი აგენტები ხშირად პირდაპირ ინტეგრირდება თქვენს არსებულ RAG არქიტექტურაში ან ცოდნის დამუშავების პროცესში.

ძირითადი კომპონენტები:

  • სემანტიკური დაყოფა: დაყავით დაუმუშავებელი ტექსტი აზრობრივ ნაწილებად.

  • ფაქტების ამოღება LLM-ის დახმარებით: გამოიყენეთ LLM-ები ფაქტების ამოსაცნობად, თარიღების დასადგენად და მოვლენების ტიპების მოსანიშნად.

  • დროითი კლასიფიკაცია: გამოიყენეთ LLM-ები დებულებების დროითი კლასიფიკაციისა და მათი ვალიდურობის პერიოდების დასადგენად.

  • დროითი ვალიდურობის გაუქმების ლოგიკა: ახალ ფაქტებს ძველების ავტომატურად განახლება ან ვადის ამოწურვა შეუძლია — ვერსიების ხელით მართვის გარეშე.

  • სამეულებზე დაფუძნებული შენახვა: ცოდნის გრაფების ან გრაფზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზის გამოყენებისას თითოეული ფაქტი ინახება ასე: [სუბიექტი]—[მოქმედება]—[ობიექტი] + [დაწყების დრო, დასრულების დრო].

სწორი კონფიგურაციით მცირე გუნდებსაც კი შეუძლიათ პროტოტიპიდან წარმოებამდე რამდენიმე კვირაში მივიდნენ. პროტოტიპის შექმნა შეგიძლიათ უფრო დიდი მოდელებით (GPT-4.1), ხოლო სტაბილურობის მიღწევის შემდეგ — უფრო სწრაფ ვერსიებზე (GPT-4.1-mini ან nano) გადასვლა. უფრო სიღრმისეული ტექნიკური ინფორმაციისთვის იხილეთ OpenAI-ის Cookbook-ის მასალა ცოდნის გრაფებთან დროითი აგენტების გამოყენების შესახებ.

დიაგრამა, რომელიც განმარტავს, როგორ შექმნათ საკუთარი დროითი აგენტი.

ძიებისა და მასშტაბირების ერთიან სისტემად გაერთიანება

ამრიგად, დროზე ორიენტირებული ცოდნის გრაფი უკვე გამართული გაქვთ და მასში არსებულ მონაცემებსაც ენდობით. როგორ გარდაქმნათ მონაცემების ეს საიმედო საფუძველი ბიზნესღირებულებად?

ცოდნის დიდი ბაზებიდან სასურველი ინფორმაციის მოძიება შეიძლება რთული იყოს. ამაში მრავალსაფეხურიანი საძიებო აგენტები დაგეხმარებათ. ამ სისტემებს შეუძლია ცოდნის ბაზაში რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნის მიხედვით გონივრულად გადაადგილება და თქვენს კითხვაზე პასუხისთვის ყველაზე რელევანტური ინფორმაციის მოძიება.

სისტემის მასშტაბის ზრდასთან ერთად უმნიშვნელოვანესი ხდება ეფექტიანობის შენარჩუნება და წარმადობის ოპტიმიზაცია. დამგეგმავების დამატება ძიების პროცესს ამარტივებს და მის შემდგომ ეტაპებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებაში ეხმარება. ძიებისა და ანალიზის იმ ხელსაწყოების გაუმჯობესებაც, რომლებზეც თქვენს ძირითად სისტემას აქვს წვდომა, ზრდის ეფექტიანობას და დიდ ცოდნის გრაფებში უფრო რთული მოთხოვნების შესრულებას სიჩქარისა თუ ხარისხის დაკარგვის გარეშე უზრუნველყოფს.

დიდი დატვირთვის მქონე სისტემებში გრაფის პარალელურ შემოვლაზე გადასვლამ, მოთხოვნების ხშირი მარშრუტების კეშირებამ, მოთხოვნების შემდგომმა დახვეწამ და დამატებითმა წვრთნამ შეიძლება წარმადობა მნიშვნელოვნად გაზარდოს.

დასკვნითი მოსაზრებები

მათთვის, ვინც დროით აგენტს ქმნის, OpenAI Cookbook-ში ღია კოდით გამოვაქვეყნეთ სრული ტექნიკური გზამკვლევი ცოდნის გრაფებთან დროითი აგენტების გამოყენების შესახებ. მასში განხილულია ყველაფერი — მონაცემების ამოღების ლოგიკიდან მრავალსაფეხურიან მსჯელობამდე, მათ შორის:

  • სრული კოდი და სამუშაო პროცესის სქემები

  • მოდელის გამოყენების რეკომენდაციები და შეფასების სტრატეგიები

  • პროტოტიპიდან წარმოებამდე მასშტაბირების საუკეთესო პრაქტიკა

დროითი აგენტები ცვლიან იმას, თუ როგორ აღიქვამს AI თქვენს სამყაროს — არა როგორც სტატიკურ ფაქტებს, არამედ როგორც ცოცხალ, მუდმივად განვითარებად ამბავს.

როდესაც თქვენი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რა მოხდა, არამედ იმაზეც, თუ როდის მოხდა — დროა, დროითი პერსპექტივით იფიქროთ.

და ამის შექმნა მარტო არ მოგიწევთ. თუ გსურთ, თქვენი სისტემები უკეთ ითვალისწინებდეს კონტექსტს, მზად იყოს გადაწყვეტილებების მისაღებად ან უბრალოდ მეტად შეესაბამებოდეს რეალობას — სიამოვნებით დაგეხმარებით.

ავტორი

Alex Heald და Douglas Adams